> <> <




ღმერთი არს ჩვენთან
სექციის კატეგორიები
მრწამსი [1]
ათი მცნება [1]
ცხრა ნეტარება [1]
მარხვის არსი [1]
ახალი აღთქმა [3]
ბიბლია [2]
გალობა [9]
ლოცვები [7]
მოძღვრის რჩევები [26]
ვიდეო ქადაგებები [41]
ბიოგრაფიები [4]
წმინდანების ცხოვრება [4]
სასწაულები [19]
სხვა [18]
ჩემი პატრიარქი [0]
წმინდანები [3]
შესვლის ფორმა

უფალი გფარავდეთ
ძებნა
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 27 » სვეტიცხოველი
18:10
სვეტიცხოველი
არქიტექტურის, ისტორიის, არქეოლოგიის, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. მოქმედი საკათედრო ტაძარი. მდებარეობს ქ.მცხეთის ცენტრში.
უძველესი ქართული საისტორიო წყაროების ,,მოქცევაი ქართლისაი" და ,,წმინდა ნინოს ცხოვრება" მიხედვით თავად ,,სვეტიცხოვლის" წინაისტორია ასეთია:

მცხეთელი ებრაელი ელიოზი დაესწრო ქრისტეს ჯვარცმას იერუსალიმში და რომაელ ჯარისკაცთაგან შეძენილი ქრისტეს პერანგით -,,უფლის კვართით"-დაბრუნდა მცხეთას. ქალაქის კარიბჭესთან ელიოზს დახვდა და, სახელად სიდონია, რომელიც უკვე ქრისტეს მიმდევარი იყო. სიდონიამ ძმას კვართი გამოსტაცა, გულში ჩაიხუტა და სული განუტევა. ვინაიდან ქრისტეს პერანგი მისთვის ხელიდან ვერ გამოუცლიათ, ასევე პერანგიანად დაუმარხავთ. სიდონიას საფლავთან ამოსულა ლიბანის ნაძვი.


შემდეგ ამ ამბავს ,,მოქცევაი ქართლისაი" იმ დროს უკავშირებს, როცა უკვე გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ წმინდა ნინოს სთხოვა მიეთითებინა ადგილი პირველი ეკლესიის ასაშენებლად. წმ. ნინომ სიდონიას საფლავზე მიუთითა. მაშინ მოკვეთეს სამსაუკუნოვანი კედარი და მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. მშენებლობის დროს ხუროებმა ექვსი სვეტი აღმართეს, მაგრამ მეშვიდე ჰაერში ჩამოეკიდა და ადგილიდან ვერ დაძრეს. წმინდა ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და დილით მოხდა სასწაული_სვეტი თვითონვე ,,ცეცხლის სახედ" ჩამოვიდა და დაემყარა თავის ,,ხარისხს." სვეტი გაიფოთლა და მისგან დენა დაიწყო მირონმა, რომელიც ,,მსწრაფლ კურნავდა" სნეულთ. ამიტომაც უწოდეს ,,სვეტი ცხოველი", სვეტი-სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოდგა ტაძრის სახელწოდებაც.

წმინდა ნინოს დროინდელ ეკლესიას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ 1967-75 წ. სვეტიცხოვლის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარებისას მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლების კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც ამავე ადგილზე ააგო ვახტანგ გორგასალმა V-ე ს-ის მეორე ნახევარში. ეს იყო დიდი, შვერილაფსიდიანი ნაგებობა ბოძების რამდენიმე წყვილით. თავისი სიდიდით იგი დიდად არ ჩამოუვარდებოდა თანამედროვე სვეტიცხოველს.
ხის პირველი ეკლესიის საძირკვლის ნაშთი და V ს-ის ბაზილიკის ფრაგმენტები ტაძარში დაცულია მინის ქვეშ.


1010-29 წ.წ. ქართლის კათალიკოსის მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვამა არსუკისძემ ააგო სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი.
თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველს არაერთხელ დაემუქრა განადგურების საფრთხე. 1283წ. ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV ს-ში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა გუმბათი.

XIV ს. ბოლოს იგი ,,იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა."

XVს. დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა.

1656წ. გუმბათის ყელი კვლავ აღადგინეს როსტომ ქართლის მეფემ და მარიამ დედოფალმა.

XIX ს. რუსეთის სასულიერო მართველობამ, ჯეროვანი კეთილმშვენიერების" მისანიჭებლად სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე მოსპო ძველი სტოა, ააფეთქა სამარხები ტაძრის გარშემო და ინტერიერში შეათეთრა ფრესკების დიდი ნაწილი.

მიუხედავად ამისა, ტაძრის სტრუქტურა, მასები, ცალკეული ფორმები და პროპორციები ძირითადად შენარჩუნებულია და XIს. მიეკუთვნება.


სვეტიცხოვლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (გარე ზომები 57,7´27მ; სიმაღლე-49მ). მშენებლობის მოთავე კათოლიკოსი მელქისედეკი და ხუროთმოძღვარი არსუკისძე მოხსენებული არიან ტაძრის წარწერებში აღმოსავლეთის ფასადზე, შუა დეკორაციული თაღის ქვემოთ, თორმეტ დისკოზე:
,,ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი ამენ, აღეშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკიძისაითა ღმერთმან განუსვენე სულსა მისსა" და ჩრდილოეთის ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე:
,,ხელი მონისა არსუკიძისაი შეუნდვეთ, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფით. სავარაუდოდ ამ რელიეფმა და წარწერამ წარმოშვა ლეგენდა იმის შესახებ, რომ სვეტიცხოვლის ოსტატმა აჯობა მასწავლებელს, რისთვისაც მას ხელი მოჰკვეთეს და ხალხური ლექსი: ,,ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია."

 

სვეტიცხოველი ნაგებია კარგად გათლილი რბილი ნაცრისფერი მოყვითალო და მომწვანო ქვიშაქვისა და ტუფის კვადრებით.

ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული მკლავებით. გარედან ტაძარი სწორკუთხედშია ჩაწერილი. მკლავების გადაკვთაზე, თავისუფლად მდგომ ოთხ ბურჯზე დამყარებულია მაღალყელიანი, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათი.


ინტერიერში ძირითადი ღერძის სრულად გამოვლენისათვის სხვადასხვა მხატვრულ-არქიტექტურული ხერხია გამოყენებული: დასავლეთის მკლავის მძლავრი თაღების რიტმი ცენტრისკენ, უხვად განათებული, ზეატყორცნილი გუმბათქვეშა სივრცისკენ წარმართავს მზერას. ეს მკლავი აღმოსავლეთისაკენ ფართოვდება და კომპოზიციას ასრულებს საკურთხევლის ღრმა და ვრცელი აფსიდი. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა
ტაძრის დასავლეთის ნაწილში, თვით მკლავსა და სამხრეთ-დასავლეთ სათავსს შორის, წინანდელი საყრდენი ბურჯის ადგილას, სფერული უყელო გუმბათითა და აგურის პირამიდული სახურავით დასრულებული კოშკისებრი ნაგებობაა. ეს საკუთრივ ,,სვეტიცხოველია", სადაც სასწაულმოქმედი სვეტი ინახებოდა. ახლანდელი კოშკი XVII ს-შია აგებული.
ტაძრის ინტერიერში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კედელთან დგას მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესიის მოდელი-სამლოცველო, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე აღმართულ ტაძარს უნდა გამოხატავდეს. მოდელი XV ს-ისაა. სამხრეთის გუმბათქვეშა ბურჯთან ოთხ სვეტზე მდგარი მცირე ზომის სფერული გადახურვით საკათალიკოსო კათედრაა.

ტაძარში ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა სამარხებია. აქ არიან დაკძალულნი ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, გიორგი XII და სხვა.
XI ს-ში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით-სახარების სცენის ქრისტე და სამარიტელი ქალი... მხატვრობა ხასიათდება მონუმენტურობითა და რბილი ნახატით.

დანარჩენი მოხატულობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში...


ტაძრის გუმბათის სფეროში გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე წრეში ირგვლივ მახარებელთა სიმბოლოებითა და ოთხი ექვსფრთედით. მხატვრობა შესრულებულია გუმბათის ყელის აღდგენის შემდეგ, არა უადრეს 1656 წლისა. გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთის ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახულია ქართლის მეფე როსტომის მეუღლე მარიამი შვილთან ერთად.

ტაძრის სამხრეთის მკლავის სამხრეთ კედელზე დიდი ზომის კომპოზიციაა ფსალმუნის თემაზე "აქებდეთ უფალსა”.

ტაძრის სხვადასხვა ნაწილში შემორჩენილია მოხატულობის ცალკეული ფრაგმენტები.

თავად ,,სვეტი" 1678-88 წ.წ. მოუხატავს მხატვარ გრიგოლ გულჯავარაშვილს კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის დაკვეთით.

სვეტიცხოვლის გარეგნობა მშვენიერი ნიმუშია ქართული ტაძრის კრისტალურად ნათელი აღნაგობისა. ყოველი შემდგომი საფეხური აქ ბუნებრივადაა ამოზრდილი წინა საფეხურისაგან და ასევე ბუნებრივადაა დასრულებული კარვისებრ გადახურული გუმბათის ყელით.

საფასადო მორთულობის საფუძველს აქაც დეკორატიული თაღები შეადგენს. აღმოსავლეთ ფასადზე კვლავ ხუთთაღიანი კომპოზიციაა ორი ნიშით, გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი, დასავლეთით კი_ერთი დიდ სარკმელი, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის თითქმის მთელი არე უჭირავს. მორთულობის ყველაზე საინტერესო ნაწილი დასავლეთის ფასადზეა, დიდ სარკმლის გარშემო: ჩუქურთმის სახეები რთული და ძლიერ პლასტიკურია; ფასადს განსაკუთრებით ამშვენებს ვაზის გამოსახულება ორი დიდი სტილიზებული მცენარის სახით კედლის ერთსა და მეორე კიდეში.

სვეტიცხოველი საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული სახელმწიფოს სარწმუნოებრივი ცენტრი.

იგი ამჟამადაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის კათედრას.

1(14) ოქტომბერს აქ იმართება დიდი საეკლესიო დღესასწაული მცხეთობა-სვეტიცხოვლობა.

სვეტიცხოვლის კომპლექსში დიდი ტაძრის გარდა აღსანიშნავია შემდეგი ნაგებობები.

 

სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს გეგმით თითქმის კვადრატული გალავანი (გარე ზომები 121,6´110,5მ).
გალავანი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა. ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში.
გალავანი ორიარუსიანია. ქვედა მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი. კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები.

გალავანში ჩართულია 6 ცილინდრული და 2 ოთხკუთხა კოშკი.

გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია.
გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI-Eს. კარიბჭე, სამრეკლო და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
სვეტიცხოვლის კარიბჭე ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია. იგი 1029 წელს, ტაძრის გასრულების შემდეგ აუგიათ კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. 1964-65 წ.წ. ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები. რესტავრაციამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანის კონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შემდეგ ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭეს თავდაპირველი სახე დაუბრუნდა

კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელის ორივე მხარეს ოთახებია მოთავსებული, მეორე სართულზე დიდი დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. პროფილირებულ სარტყელზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: ,,ქრისტე ადიდე შენს მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმიდა კათოლიკე ესე სალხინებლად სულისა მათისა."

შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია.

სასახლე მდებარეობს სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთ კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ქვეშ.

თარიღდება XI-ე ს-ით. 1963-64 წ.წ. ამ მონაკვეთზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვა.

ძირითადი ნაგებობაა მელქისედეკისეული სასახლე (38,5´18,5მ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი. ნაგებობის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,5მ მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარები (სიგანე 3,5მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქვე აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე.


 

მელქისედეკის სასახლე რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. პირველად XIV-ე საუკუნეში, როცა მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან ყოველი 6-7 მ-ის გამოშვებით მიუშენებიათ კონტრფორსები. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული. XVII-ე ს-ში დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს.

შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა. ამჟამად რესტავრირებულია დასავლეთ კედლის სამხრეთ მხარე დანარჩენი კი დაკონსერვებულია ცოკოლის სიმაღლეზე.


სვეტიცხოვლის ეზოში გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობა, რომელიც XVIII-ს. დასასრულს არის აშენებული. სასახლე წარმოადგენდა საქართველოს კათალიკოსის ანტონ II-ის რეზიდენციას.

ხშირ გადაკეთებათა გამო შენობას შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე.

ამჟამად აქ მოთავსებულია მცხეთის მუზეუმი.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 2191 | დაამატა: boys | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:




ღმერთი არს ჩვენთან
საეკლესიო კალენდარ
გალობები
სტატისტიკა

ამჯამად საიტზეა 1
სტუმარი: 1
ადმინი 0
www.wsa.ge
 



©  2010-2011